Skip to content

ლოგისტიკა ტრანსპორტი არ არის

რა არის ლოგისტიკა?

რამდენიმე დღის წინ, ერთ პოდკასტს ვუსმენდი — თემად ჰქონდათ ლოგისტიკა და ასეთი რამ გავიგონე: ლოგისტიკაში არის რამდენიმე მიმართულებაო და სატრანსპორტო საშუალებები ჩამოთვალეს ასე: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და ასე შემდეგ… ბოლომდე ვუსმინე იმ პოდკატს, იქნებ, ბოლოს მაინც თქვან რა არის ლოგისტიკა მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად დავკარგე დრო. მაშინ გამიჩნდა სურვილი, ქართული ენით დამეწერა რაღაც მარტივი, ადამიანური და გასაგები ამ თემაზე.

ეს სურვილი მერე ბლოგის იდეად გადაიქცა, შემდეგ კი — ჩემი კომპანიის დაარსებაშიც გადაიზარდა.

ასე დაიბადა SC Vision.

მაგრამ ამაზე მერე.

ჯერ მოდი, გავიგოთ — რა არის ლოგისტიკა.

ლოგისტიკა არ არის მხოლოდ ტრანსპორტი, და ტრანსპორტი არ არის ლოგისტიკა. ტრანსპორტირება უბრალოდ გადაადგილებაა — როცა რაღაცა ერთ ადგილიდან მეორეში გადაგაქვს. ლოგისტიკა კი ბევრად უფრო ფართო ცნებაა.

ოფიციალური განმარტებით ასეა: « საჭირო პროდუქტი, საჭირო დროს, საჭირო ადგილას მინიმალური ხარჯით“. დიახ, დაახლოებით ისე ჟღერს, სალვადორ დალიმ რომ თქვა „ჩემი წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ შემიძლია მივართვა სწორ ფუტკარს კარგი თაფლი, საჭირო დროს და საჭირო ადგილას.“  ხშირად ვხუმრობ, დალი სულით ლოგისტიკოსი იყო მეთქი, მაგრამ სინამდვილეში, ეს ხუმრობა დიდ სიმართლეს მალავს — ლოგისტიკა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და გავლენიანი სფეროა ბიზნესის წარმატებისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ ბევრი წარმატებული კომპანია სწორედ კარგად გამართულ ლოგისტიკაზე დგას — არა მხოლოდ ტრანსპორტზე, არამედ იმ სისტემაზე, რომელიც ყველაფერს აერთიანებს: მომარაგებას, წარმოებას, შენახვას, მიტანას, დაგეგმვას, კონტროლს. არა მხოლოდ ბიზნესების ლოგისტიკაა ფუნდამენტური — ამაზე დგას მთელი მსოფლიო. პანდემიის დროსაც კი, როცა მსოფლიო გაჩერდა და ქალაქები დაცარიელდა, ლოგისტიკის სფეროს მუშაობა ერთი წამითაც არ შეჩერებულა. სამედიცინო სექტორი ვერ იმუშავებდა გამართულად, თუ არ იარსებებდა დროული მიწოდება: მედიკამენტების, აღჭურვილობის, ჟანგბადის ბალონების, ვაქცინების. ეს ყველაფერი სწორედ ლოგისტიკის ზურგზე იდგა. საკვების ჯაჭვებიც რომ არ გაწყვეტილიყო —დასაწყობებიდან სუპერმარკეტებამდე, მწარმოებლიდან ოჯახებამდე — მუშაობდა ათასობით ადამიანი, რომელიც გარედან შეუმჩნეველი იყო, მაგრამ სწორედ ისინი აჩერებდნენ პანიკას და შიმშილს,

ეს იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ლოგისტიკა ისეთივე ძველი და ფუნდამენტური დარგია, როგორც თვითონ კაცობრიობა. ყოველ შემთხვევავში ისეთივე ძველი, რაც ადამიანმა ომი მოიგონა. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ყველა არმიას თავისი ლოგისტიკის მენეჯერი ჰყავდა. სუნ ძი წიგნში „ომის ხელოვნება“ ამბობს. “ისინი, ვინც ომებს იგებენ, ზრუნავენ ლოგისტიკაზე; ხოლო ვინც ომებს აგებენ — მხოლოდ იარაღზე ფიქრობენ.“… არ ვიცი ქართულად რა ერქვა ამ თანამდებობას, შეიძლება მეჭურჭლეთუხუცესიც კი ითავსებდა ამ ფუნქციას. ის კი ვიცი, მე რომ 2006 წელს საფრანგეთში ლოგისტიკის ფაკულტეტზე სასწავლებად მივემგზავრებოდი, ახლობლებს ვერაფრით ვუხსნიდი, რა უნდა მესწავლა —სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან მეც ბოლომდე არ ვიცოდი. რა დარგი იყო. საქართველოში ტერმინი ლოგისტიკა საერთოდ არ იხმარებოდ იმ პერიოდში. მგონი 2008 წლიდან დამკვიდრდა უფრო, ოღონდ სულ ტანში მაციებს როცა ამბობენ ლო’ჯ’ისტიკას, სიტყვა ლოგისტიკა ლოგიკიდან წარმოდგება, ამიტომ ქართულ ენაში ვიხმაროთ ჯ, მგონი ბარბარიზმია.

მოკლედ. რა არის ლოგისტიკა და რატომ არ უდრის ის მხოლოდ ტრანსპორტს: ლოგისტიკა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის გადატანა ერთი წერტილიდან მეორეში. ის გულისხმობს ყველაფრის მართვას, რაც ეხება მარაგის მართვას და მიწოდებას. მომწოდებლები, საწყობები, მოძრაობის ორგანიზება და ოპერაციები…
მთავარი მიზანია საქონლის მიმოქცევის ოპტიმიზაცია, რათა შემცირდეს დრო და ხარჯები, ხოლო მომსახურება დარჩეს სწრაფი და საიმედო. მიუხედავად იმისა, რომ ლოგისტიკა და ტრანსპორტი მჭიდროდ არიან დაკავშირებული, ისინი სინონიმები არ არიან. ლოგისტიკა მოიცავს მთელ მომარაგების ჯაჭვს, მაშინ როცა ტრანსპორტი არის მხოლოდ ერთი ნაწილი — ფუნდამენტური მაგრამ ფიზიკური გადაადგილებით შემოფარგლული.

მოკლედ რომ ვთქვათ: ტრანსპორტი ნიშნავს გადაადგილებას.
ლოგისტიკა კი ნიშნავს მთელ სისტემას — საქონლის, ინფორმაციისა და რესურსების კოორდინაციას, რათა ყველაფერი აღმოჩნდეს სწორ ადგილას, სწორ დროს და საუკეთესო ფასად. როგორც ომში, ასევე პროექტში, გამარჯვებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ძალა ან სწრაფი რეაგირება, არამედ წინასწარი დაგეგმვა, მომზადება და ლოგისტიკური დეტალების ზუსტი მართვა.

როგორც მარკეტინგს აქვს თავისი 7P  ასევე  7 R  ჩამოყალიბდა ლოგისტიკის განსამარტად Chartered Institute of Logistics & Transport UK (2019) მიერ.  7 R (« 7 Rights »)— განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რომლებიც ქმნიან ეფექტური ლოჯისტიკის საფუძველს:

მიაწოდე სწორი პროდუქტი,
სწორი რაოდენობით,
სწორ პირობებში,
სწორ ადგილას,
სწორ დროს,
სწორ მომხმარებელს,
და სწორ ფასად.

ამიტომ არასწორია, როცა ლოგისტიკას ახსენებენ და მხოლოდ ტრანსპორტზე საუბრობენ. აგრეთვე ტრასნპორტის მენეჯერის და ლოგისტიკის მენეჯერის ფუნქციები სრულად განხვავდება ერთმანეთისგან და ხშირად ტრანსპორტის მენეჯერი ლოგისტიკის სერვისის დაქვემდებარებაშია ან შესაძლებელია, რომ ეს ორივე ფუნქცია მიწოდების ჯაჭვის მართვის ქვეშ იმყოფებოდეს. ასევე ორივე ფუნქცია თანამედრვე მსოფლიო კლასის კომპანიებში ძირითადად ექსტერნალიზებულია (outsourced) და მათ 3PL დ 4PL კომპანიები მართავენ, ხოლო თუ რა არის მიწოდების ჯაჭვი, ასევე 3PL და 4PL ამაზე შემდეგ სტატეებში ვისაუბრებ განცალკევებულად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *