Skip to content

რა არის Supply Chain Management?

ხშირად ვაწყდები კითხვას — „რას აკეთებს Supply Chain?“

თეორიულად ამაზე მთელი წიგნებია დაწერილი, მაგრამ ვინც ამ სფეროში ჩახედული არაა, მათთვის ეს ყველაფერი ზედმეტად აბსტრაქტულად ჟღერს. ამიტომ მოდი, ახლა გავიგოთ, რა არის მიწოდების ჯაჭვი მარტივად, „ბანალურ“ ენაზე, ერთი კომპანიის მაგალითით.

როგორც თვითონ სიტყვათა წყობა გვეუბნება, მიწოდების ჯაჭვში ჩართულია ინდუსტრიის რამდენიმე რგოლი — წერტილები, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები. ეს კავშირი ნიშნავს ორ რამეს:

  1. ინფორმაციის სწორად და დროულად გადაცემას,
  2. პროდუქტის ან სერვისის გადაადგილებას ამ ჯაჭვში.

მოკლედ, გასაგებად რომ ავხსნათ, მოდი მივყვეთ იმ Ninja-ს მარკის ეარ ფრაიერის კვალს, რომელიც ახლა თქვენს სამზარეულოშია — დამზადებიდან თქვენს სამზარეულომდე.

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ის ჩინეთიდან მოდის. თუმცა მისი იდეა, კონცეპტი და ინჟინერია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა. როდესაც ინჟინრებმა საბოლოო ვერსია დატესტეს და დაამტკიცეს, პროტოტიპი გადაეცა ქარხანას ჩინეთში — მისი მასობრივი წარმოებისთვის. ქარხანამ უნდა შეისწავლოს ეს პროტოტიპი და მოამზადოს ყველაფერი წარმოების დასაწყებად. ამისათვის საჭიროა: ნედლეული, მასალები, კომპონენტები და, რა თქმა უნდა, წარმოების პროგნოზი — იგივე ფორეკასტი. აქ შემოდის მოთხოვნა (დიმანდი), ფორეკასტი და პლანირება. ამის შემდეგ ქარხანა ადგენს წარმოების გეგმას, ანუ პლანიფიკაციას, და იწყებს უშუალო წარმოებას. წარმოება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს რგოლს ჩვენს ჯაჭვში. წარმოების ლოგისტიკა ცალკე განიხილება, რადგან პირდაპირ გავლენას ახდენს პროცესზე.

ჩვენ ვახსენეთ შესყიდვები — აქ იგულისხმება ნედლეულის შეძენა, მაგალითად პლასტმასი ან მეტალი. თუ პროდუქტი არის ეარ ფრაიერი, მას შეიძლება დასჭირდეს სხვა მასალებიც და სხვადასხვა დამხმარე ნაწილები, ასევე ინსტრუქცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს. დამატებით საჭიროა პალეტები, კარტონი და სხვა მასალები. აქ საუბარია შესყიდვებზე, რომლებიც Supply Chain-ის ფუნდამენტური ნაწილი და პრაქტიკულად საწყისი ეტაპია.

როცა პროდუქტი მზად არის, ის უნდა გადავიდეს საწყობში. ახლა არ იფიქროთ, რომ საწყობი იმავე ეზოში მდებარე პატარა შენობაა — არა, ბატონო. საწყობი შეიძლება მდებარეობდეს სხვა ქალაქში ან სულაც სხვა რეგიონშიც. შესაბამისად, დამზადებული ეარფრაიერის ყუთები უნდა დაიდოს პალეტებზე და საწყობის ყველა მოთხოვნის შესაბამისად — მაგალითად, პალეტის სიმაღლე ან სიგანე არ უნდა აღემატებოდეს მათი საწყობის თაროს სტანდარტებს და სხვა მსგავს ნიუანსებს.

ამის შემდეგ იწყება ტრანსპორტის ორგანიზება. აქ ერთვება ახალი რგოლი — ტრანსპორტი. ეს შეიძლება იყოს საგზაო, ლიანდაგის ან საჰაერო, იმის მიხედვით, რა არის საჭირო, რომ საქონელი გადავიდეს შესაბამის საწყობში. და ასე, ჩვენი ეარფრაიერი უკვე მივიდა საწყობში.

წარმოიდგინეთ, რომ ამ საწყობში უკვე არის ძველი წარმოებიდან დარჩენილი იგივე ეარფრაიერების მარაგი. ასევე აქ არის ეარფრაიერები, რომლებიც ამერიკული ან ინგლისური ბაზრისთვის არის გათვლილი — შესაბამისად, მათ განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლები აქვთ. ანუ ჩვენმა ჩინურმა საწყობმა უნდა გაითვალისწინოს ეს მონაცემები და საქონელი შეინახოს გარკვეული პირობებით. ახლა თუ მეტყვით — „ჩინელებს ეგ არ გაუჭირდებათო“ — დაგეთანხმებით: თანამედროვე საწყობების მართვის სტანდარტები ზუსტად ასე მუშაობს და ამ ელემენტარულ პირობებზე მეტსაც ითვალისწინებს.ეს არის საწყობის ოპტიმიზირებული მართვა, თანამედროვე საწყობების მართვა სწორედ ამას ემყარება — სისტემებს, წესრიგს და პროცესების სტანდარტიზაციას. ეარფრაიერის დასაწყობება არც ისე რთული საქმეა, თუმცა როდესაც საქმე მიდგება გაფუჭებად ან ფეთქებად საქონელზე, იქ უკვე სულ სხვა ტიპის წესები და რეგულაციები მოქმედებს. ამიტომაც ჩვენი ახალი რგოლის — საწყობის — მართვა და ოპტიმიზირებაც ცალკე სფერო და ცალკე პროფესიაა.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს ეარფრაიერს, რომელიც ეს-ეს არის ევროპის გაყიდვებმა მოითხოვა, რადგან მარაგი შემცირდა. შემოვიდა შეკვეთა და ჩინეთიდან ევროპისკენ უნდა გავამგზავროთ ეარფრაიერი. მაგრამ ასე მარტივად ხომ არ იქნება და ვერც იქნება. ჩინეთიდან ევროპისკენ საქონლის გაგზავნა კიდევ ერთი ციკლია — და არც თუ ისე მარტივი. აქ მაინცდამაინც წარმოების გუნდი აღარ ერთვება — აქ მუშაობს გაყიდვების ფორეკასტი და ტრანსპორტის დაგეგმვა. ისინი წყვეტენ, როგორ დროში და რა გზით უნდა გამოიგზავნოს კონტეინერი.ამ ეტაპზე ჩვენმა ახალ ტრანსპორტის გუნდმა უნდა მოძებნოს ადეკვატური გზა და ამავდროულად ადეკვატური ფასი. საბითუმო ლოგისტიკაში უმეტესად საზღვაო ტრანსპორტირება გამოიყენება, რადგან საჰაერო ძალიან ძვირია. კონტეინერი იტვირთება და იწყებს მოგზაურობას. დატვირთული კონტეინერი გემით იმოგზაურებს ოკეანეზე რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ სუეზის არხი ღიაა — კარგი, თუ არა — აფრიკის შემოვლით ჩააღწევს ევროპის რომელიმე პორტში. თუ ავიღებთ საფრანგეთის პორტს და იგი გაფიცულია, მაშინ კონტეინერი გადმოიტვირთება როტერდამის ან ანტვერპენის პორტში.ჩვენი ტრანსპორტის გუნდი მოაგვარებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა განბაჟება, კონტროლი, საწყობთან პოზიციის დაგეგმვა და, რა თქმა უნდა, ტრეკერის პოვნა, რომელიც კონტეინერს მიიტანს შემდეგ დანიშნულების ადგილამდე — ანუ ჩვენს შემდეგ რგოლამდე, ევროპულ საწყობამდე.

საწყობი მოახდენს პროდუქტის პალეტიზირებას ამჯერად უკვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად. პალეტი შევა ევროპის მარაგში და დაელოდება ახალ შეკვეთას, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალურ ტერმინზე B2B ან B2C შეკვეთა. საწყობს აქვს საკუთარი ორგანიზაცია, რომელიც განასხვავებს შეკვეთების ტიპებს. მაგალითად: თუ თქვენი ეარფრაიერი Ninja-ს საიტიდან შეიძინეთ, მაშინ საწყობმა უნდა უზრუნველყოს ილოგისტიკის სერვისით პროდუქტის პირდაპირ სახლში მიტანა. ხოლო თუ თქვენ ის Elite Electronics-ის მაღაზიაში იყიდეთ, აქ უკვე სხვა რგოლები ერთვება, რადგან B2B შესყიდვა დამოკიდებულია ბიზნეს შეთანხმებაზე — ანუ როგორ მოხდება ამ შეკვეთის გადაზიდვის ორგანიზება. ეს შეიძლება იყოს მოგვარებული შემსყიდველი კომპანიის მიერ, ან თუ გამყიდველი კომპანია თავად აგვარებს ამ საკითხსაც, მაშინ ისევ ტრანსპორტის და ახალი საწყობის მენეჯმენტი ერთვება საქმეში, მანამ სანამ პროდუქტი არ მიაღწევს მაღაზიამდე და შემდეგ — საბოლოო კლიენტამდე. ეს უკვე არის end customer, და აქ სრულდება ჩვენი ჯაჭვიც.

როგორც ხედავთ, ერთი შედარებით მარტივი პროდუქტის უკან დგას უზარმაზარი ბილიკი — მრავალ ქვეყანაში, მრავალ გუნდსა და მრავალ სისტემას შორის.
პროდუქტი გადაადგილდება ხაზურად, მაგრამ ინფორმაცია — ჩაკეტილი ცირკულარული ნაკადივით მუდმივად ბრუნავს ყველა რგოლს შორის. ამ ყველაფრის სამართავად საჭიროა პროცესები, მონაცემები, სისტემები, გუნდები და ოპტიმიზაცია — და სწორედ ამას ჰქვია Supply Chain Management.

დასაწყობება, ინვენტარის კონტროლი, პროცესების დახვეწა, დროის შემცირება — ეს ყველაფერი ლოგისტიკის ნაწილია, რომელიც Supply Chain-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია. ტრანსპორტსაც, საწყობსაც და ფორეკასტსაც თავისი გამოწვევები აქვს. ყველა რგოლი შეიძლება დამოუკიდებელიც იყოს და შეიძლება სხვადასხვა პროვაიდერი მონაწილეობდეს — და ეს უკვე საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვია. ასევე, როგორც ავხსენი, ტრანსპორტი აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა რგოლებს, როდესაც დისტანციაა დასაფარი, ხოლო როდესაც საქმე ეხება დასაწყობებას ან შეკვეთის მართვას, აქ უკვე ლოგისტიკა მუშაობს — რომელიც, როგორც წინა სტატიაშიაც ვთქვი, ტრანსპორტი არ არის, არამედ განცალკევებული სფეროა.

მაშ ასე, ერთი ეარ ფრაიერი გადის ათეულობით პროცედურას, ქვეყნებს, საწყობებს, გუნდებსა და გადაწყვეტილებებს შორის. ამიტომაც არის Supply Chain ისეთი ძლიერი და კომპლექსური სფერო — ის აერთიანებს ყველაფერს, რაც საჭიროა პროდუქტი ნულიდან მომხმარებელამდე რომ მივიდეს.

მოკლედ — რა არის Supply Chain? ეს არის:

✔ ყველა რგოლის კოორდინაცია
✔ ინფორმაციის მართვა
✔ წარმოება → ტრანსპორტი → საწყობი → დისტრიბუცია
✔ მარაგების კონტროლი
✔ პროცესების ოპტიმიზაცია
✔ სწორი პროდუქტი → სწორ ადგილას → სწორ დროს

ტრანსპორტი მხოლოდ ერთი ნაწილია. ლოგისტიკა — კიდევ ერთი.მაგრამ Supply Chain მოიცავს ყველაფერს, პირველიდან ბოლო ნაბიჯამდე

მგონია, რომ ამ მაგალითით Supply Chain თქვენთვის უკვე აღარ იქნება ახალი და გაუგებარი სფერო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *